მმართველ გუნდში ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანებიან, სადაც მამაკაცი მანქანით რკინის ჯებირს შეეჯახა, დანით იმუქრებოდა და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი სპეციალური საშუალების სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია, რადგან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში პოლიცია, რომელსაც შეიარაღებული ადამიანი დანას უქნევს, მას ადგილზე გაანეიტრალებდა.
"როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ხდება თავდასხმა და არსებობს მყისიერი საფრთხე, კანონით გათვალისწინებულია, რომ სამართალდამცავს აქვს უფლება, გამოიყენოს შესაბამისი ადეკვატური ძალა. ჩვენ ვხედავთ, სხვა ქვეყნებში თუ რა ძალა არის ხოლმე გამოყენებული - უბრალოდ არასწორი მიმართვის ან მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული. ჩვენ ვხედავთ სხვა მიდგომას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში - უფლებები აქვს ყველას და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ხდება მაქსიმალურად ნაკლებად მზღუდავი ზომების გამოყენება და, ამავდროულად, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, რათა სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, რისთვისაც კიდევ უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.




