იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აფასებს. არჩილ გორდულაძის თქმით, ეს არის არა მილოცვა, არამედ რადიკალური ძალების წახალისება.
„ჩვენ არ გვჭირდება ასეთი სახის მილოცვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს - სახელმწიფო დროშას ეხება საკითხი, ისეთი მიუღებელი ფორმით, როგორიც არის ძალადობრივ აქციაზე გადაღებული.
ეს მილოცვა არ არის, ეს არის კიდევ ერთი წახალისება იმ რადიკალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ გადატრიალების მოხდენის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ ყურმოჭრილი მონებივით დაემორჩილონ ყველას, გარდა ქართველი ხალხისა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.








