როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს ჯერ არ აქვთ მკაფიოდ გადაწყვეტილი შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რითაც ადგილობრივი აგენტურის მოქმედებებს წარმართვენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის მცდელობა, გახარიას პარტია და „ლელო“ „ნაცებისგან“ გამიჯნონ, თუმცა ეს არ გამოვა.

„პატრონებისგან როცა დავალება არ მოდის, ადგილობრივი აგენტურა ერთმანეთის ჭამას იწყებს, რომ შემცირებულ თანხებთან მისასვლელი გზა როგორმე უფრო გაუმარტივდეთ. მათი მცდელობაა, წარმოაჩინონ, ვინ უფრო მეტი აგენტია. ახლა ზუსტად ამ დაპირისპირებას ვხედავთ. ეს წყალს ასხამს გახარიებისა და „ლელოს“ წისქვილზე, თითქოს, ისინი „ნაცები“ არ არიან. მათი გამიჯვნის მცდელობაა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან საზოგადოებამ იცის, რომ ამ გაერთიანების წევრები არიან. პატრონები როცა დავალებას აძლევენ, ამ დავალების შესასრულებლად ემზადებიან. ვნახეთ გიორგი ბარამიძის განცხადება, რასაც ნიკა გვარამიას განცხადება მოჰყვა. შემდეგ ვნახეთ სალომე სამადაშვილის ინტერვიუც, ასევე, თამთა მიქელაძის. ეს ყველფერი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში„ დაპირისპირების ფონზე ხდება. ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი და გიგა ბოკერია „ნაცები“ აღარ არიან? ის მომენტი როდის დადგა, რომ მათ საკუთარ თავში გადაწყვიტეს, ნაცწარსულზე უარი ეთქვათ, საზოგადოების წინაშე ბოდიში მოეხადათ. „ნაცი“ ფსიქიკური და მორალური მდგომარეობაა. პოლიტიკაში ტივტივს ცდილობენ, რომ პატრონებიდან ფულადი თანხები მიიღონ. ეს რომ შემცირდა, ამიტომ დაიწყეს ერთმანეთის ჭამა, თორემ ვერავინ დამაჯერებს, რომ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში არიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.