თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე.
„მას აღიარებული აქვს დანაშაული ამ წლის დასაწყისში. ასევე, გავრცელებულია კადრები, სადაც გარკვეული ხასიათის და დიდი ოდენობით ძვირფასი ნივთები თუ თანხებია ამოღებული მის საკუთრებაში არსებული შენობებიდან. ახლა ეს განცხადებები რატომ კეთდება, არ ვიცი. ალბათ, თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის, ყველა მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცულია. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახს არ ემუქრება. შესაბამისად, ეს განცხადებაც რა იყო? თითქოს რაღაც მოლოდინის შექმნა საზოგადოებაში, რომელსაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აჟიტირებით აჰყვა. გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ, რომელიც პირდაპირ, სიტყვიერადაც, წინადადებათა წყობითაც კი ეწინააღმდეგება პირველ განცხადებას. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ემუქრებოდეს მას ან მის ოჯახს, მათ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზრუნავს ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით.
მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.







