„ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა შემუშავდა მათ შორის სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართულებით, ერთ-ერთი მაგალითია გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთის მხრივ სუვერენიტეტის გაძლიერებას, მეორეს მხრივ მონიტორინგს უწევს ყველა იმ თანხებს, რომელიც საქართველოში შემოდის, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ ღირებულებების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ

მისივე თქმით, ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს წარსულის პატივისცემას, აწმყოს უსაფრთხოებას და მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას ითხოვენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული იდენტობის დაცვას და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას.