შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ერთი ევროცენტის ფასიც კი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ ადამიანს ალბათ ეძინა და თვლემდა აქამდე, სამი კვირის შემდეგ გამოგვეცხადა და სამი კვირის შემდეგაც არ დაუგმია ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, არ დაუგმია ქვეყნის დამხობის მცდელობა, არ უთქვამს, რომ არ შეიძლება, დაესხა სახელმწიფოებრიობას, არ შეიძლება ფაშისტური და ნაცისტური განცხადებების გაკეთება, მაგრამ გაახსენდა, რომ საქართველოში კანონები მიიღეს. და რა კანონები მივიღეთ?! მივიღეთ ის კანონები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მოქმედებს აშშ-ში, მაგალითად, FARA. როდესაც აშშ-ში ახლა განხილვაშია კანონპროექტი, რითიც კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს შესაბამისი რეგულაციები, აქ პაველ ჰერჩინსკი ბედავს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და თქვას, რომ კანონი, რომლითაც შავი ფულის ტრიალი უნდა გახდეს ჩვენ ქვეყანაში გამჭვირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, მისივე, ანუ, ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული თანხები სად მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი იყოს და ხელისგულზე იდოს, ამბობს, რომ ეს არის თურმე ევროპულობის საწინააღმდეგო და დემოკრატიის უკუსვლა. კარგად ჩაიხედოს ყველამ საკუთარ გულში და კარგად ნახონ, პირველ რიგში, რა კანონმდებლობა მოქმედებს იმ ქვეყანაში, საიდანაც არის თვითონ პაველ ჰერჩინსკი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლინებას, არჩილ გორდულაძემ განაცხადა:
„ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ამ განცხადებით თავს დაიძვრენს, ძალიან ცდება მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. მშვიდობის მტრედის როლის თამაშს თავი დაანებოს ბატონმა ჰერჩინსკიმ. გამოვიდეს და ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით თქვას, რომ 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ადგილი ჰქონდა შეტევას, ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, სადაც დაგეგმილი იყო ამ შენობის აღება, რომელში შესასვლელად ზურაბიშვილი გამზადებული იყო და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოემხობოდა ხელისუფლების სისტემა. გვახსოვს, როგორი განცხადებები გააკეთა ბატონმა ზოდელავამ, რომ დიახ, ეს პირველი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, რომელსაც დომინოს პრინციპით მოჰყვებოდა შემდეგ უკვე სხვა შენობების დაკავებაც. აი, ეს დაგმოს ბატონმა ჰერჩინსკიმ და თავი დაანებოს ზოგადი განცხადებების გაკეთებას, რომ ძალადობას გმობს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








