ჯარიმები არ იყო ეფექტიანი, კანონდარღვევის პრევენციას ვერ ახდენდა. სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ იზრუნოს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ და ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, მაშინ თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ სხვის უფლებებს და გავითავისოთ, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.

„როდესაც 50 ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ ადამიანზე, ეს არის როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან, ასევე არაერთი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული. ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც ასეთი აკრძალვა არ არის.

თუ იმ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც შსს - ს მიერ ექვემდებარება შეწყვეტას, ან იმ შემთხვევაში თუ თან იქონიებენ პიროტექნიკას, ცივ იარაღს, იარაღს, ან ნებისმიერ ისეთ საშუალებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვისი ჯანმრთელობის დასაზიანებლად, მაშინ პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.

სხვა შემთხვევებში თუ განმეორებით მოხდება იმავე პირების მიერ ჩამოთვლილი დარღვევების ხელახლა ჩადენა და რეციდივი, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.