ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვივყვანოთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, ისინი საერთოდ გავიდნენ ამ ურთიერთობიდან და კომისიას უწოდებენ ფუჭი დროის კარგვას, რომელთა მიზანიც არ არის სამართლებრივი დასკვნის დაწერა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია წარმოდგენილი დასკვნაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაშიც არავითარი სამართლებრივი საკითხი არ არის წარმოდგენილი და ისევ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია.

„ამ დასკვნაში მითითებულია, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, რაც არის ტყუილი, რადგან ყველა საკომიტეტო სხდომა არის ღია, ყველას აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო სხდომის მიმდინარეობას. ამავდროულად, საუბარია, რომ კაპიტან გიგაურს, ლომჯარიას არ შევუთანხმეთ. ამ აბსურდამდეა მისული ვენეციის კომისია. შესაბამისად, ამ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ის გამოყენებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ. არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მათი ფუნქციაა, რომ სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი ან კანონთა პაკეტი, თუმცა ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებიც თანხვედრაშია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეული წევრის მიერ გაჟღერებულ, მათ შორის უცხო ქვეყნის იურისდიქციას დაქვემდებარებულ, მაგალითად, კაპიტანი გიგაურის ე.წ. საერთაშორისო გაუმჭვირვალობის პარტიულ ორგანიზაციასთან. მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალებაა მავანის თვალში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული საზოგადოებისთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დასკვნებს, რაც სამწუხაროა მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა წარსულში. ჩვენ არაერთხელ გვითანამშრომლია მათთან, მაგრამ ისინი საერთოდ გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, თავიანთი მანდატიდან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: „კანონმდებლობა ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას“.