საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე თბილისის ჩუღურეთის რაიონის 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების მონაწილეებს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ცხოვრების შესახებ მოუთხრეს.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის 220-ე და ბათუმის მე-2 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც მიზნად სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს.

ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ორგანიზებით, კომისიის წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით გაიმართა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივაა და მიზნად მომავალ თაობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებისა და მოზარდებისთვის არა მხოლოდ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, არამედ იმ ღირებულებების გაცნობასაც, რომლებიც საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებასა და ღვაწლშია ასახული.

პროექტი „გმირის დღე“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ხორციელდება, საგანმანათლებლო და კულტურულ კომპონენტებს აერთიანებს.