ჟეშუვის რეგიონალურმა პროკურატურამ გენერალურ პროკურორს საკონსტიტუციო ტრიბუნალისთვის მიმართვა და ტრიბუნალის თავმჯდომარის მოვალეობიდან ერთი თვის ვადით ჩამოშორებულ ბოგდან სვენჩკოვსკის იმუნიტეტის მოხსნა 2020 წელს ეროვნულ პროკურატურაში მისი მუშაობის დროინდელ ფაქტზე აღძრული საქმის გამო სთხოვა. ამავდროულად, ტრიბუნალის თავმჯდომარედ თავის შემრაცხველმა ანა კორვინ-პიოტროვსკამ მორიგი სხდომის ჩატარება დააანონსა.

 

ჟეშუვის პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2020 წლის 20 ნოემბერს 15,56 მილიონ ზლოტად შეძენილ Hermes-ის სისტემას, რომელიც ღია წყაროებიდან ინფორმაციის ანალიზისთვის იყო განკუთვნილი. გამოძიების მტკიცებით, სვენჩკოვსკიმ, მაშინ ქვეყნის პროკურორმა, არბიტრარული გადაწყვეტილება მიიღო სისტემის შერჩევასა და შესყიდვაზე, პროცედურების გვერდის ავლით დაავალა ხელშეკრულების გაფორმება არა უფლებამოსილ პირს და ხელი მოაწერინა ხელშეკრულება ლუქსემბურგულ კომპანია Q Cyber Technologies SARL-თან.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ არ შემოწმებულა სისტემის წყაროები, ალგორითმები და კიბერუსაფრთხოება, რამაც გამოძიების საიდუმლოების დარღვევის რისკი შექმნა. საქმეს 68 ტომი ძირითადი მასალა და 459 ტომი დანართი აქვს. სვენჩკოვსკის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ეს გენერალური პროკურორისთვის უკვე მე-6 მიმართვაა სვენჩკოვსკის იმუნიტეტის მოსახსნელად — წინა მიმართვები Pegasus-ის და Hermes-ის სხვა ეპიზოდებს ეხებოდა.

ამის პარალელურად, ვარშავაში ტრიბუნალისთვის ბრძოლა გრძელდება. 30 ოქტომბერს ანა კორვინ-პიოტროვსკამ, როგორც ყველაზე ხანდაზმულმა მოსამართლემ, სვენჩკოვსკი და ვიცე-პრეზიდენტი ბარტლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან ჩამოაშორა.

შეგახსენებთ, როგორც ipress-ი წერდა, სამშაბათს მის მიერ მოწვეულ საერთო კრებაზე 8 მოსამართლე შეიკრიბა და ახალი ფორმულით — კვორუმი 15-ის ნაცვლად 12 მოსამართლიდან დაითვალა და 8 ხმით 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, იმ მოტივით რომ 12-დან ორი მესამედი 8-ია. სიიდან ამოღებულნი იყვნენ სწორედ სვენჩკოვსკი, სოხანსკი და იაროსლავ ვირემბაკი.

10 ნოემბერს სწორედ პიოტროვსკას მიერ დაანონსებული შემდეგი საერთო კრებაა ჩანიშნული, სადაც ტრიბუნალის რეგლამენტის და მოსამართლეთა შემადგენლობის წესის შეცვლაზე იმსჯელებენ.

ამგვარად, ერთი მხრივ ტრიბუნალში ახალი უმრავლესობა ძველი ხელმძღვანელობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, მეორე მხრივ კი პროკურატურა ყოფილი ხელმძღვანელობის საქმიანობის გამო სისხლის სამართლის ბრალს ამზადებს.

წყარო: „ძენნიკი“.

მოამზადა რაულ კაპანაძემ