საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს.

მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტიკური მიზნებით.

„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილია ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.

მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, ორი უკურნებელი სენი სჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა, თუ არა მიხეილ სააკაშვლმა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციები იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება. 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი როცა ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია, პოლიტიკური მიზანია მათ შორის აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, კონკრეტულად სიპერის, თუ შიფერის, უკაცრავად. არათუ ფაშისტური გამონათქვამია, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, თუ არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ახალისებენ ქსენოფობიას, ახალისებენ ექსტრემიზმსა და ფაშიზმს, არამედ პირდაპირ გამოთქვა კიდეც, თურმე „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტის ისტორიაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა, მათ შორის რასა იუკნევიჩიანემ და დევიდ მაკალისტერმა, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა.