რატომ ეფარებით ასე გამალებით „შავ ფულს“, რატომ გინდათ, საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც რეალურად არის „შავი ფული“ და შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რა გაშინებთ? განა რაშია ეს ფული წასული, საზოგადოებას გაეცით პასუხი, იმ 200 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გუშინ გამოსული იყო, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რამდენიმე ისეთ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც მოღალატეობრივი ქმედებაა.
„რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ, ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ, ვინ არის მოღალატე ამ დარბაზში და ვინ გააფორმა ოფიციალურად რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ არიან მოღალატეები. შეგვიძლია, დავითვალოთ, ბევრნი არ არიან და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ამ მოღალატეთა სია. ეს არის რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის: „ომის შედეგები. 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა… მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებითო“, ამას მოაწერეს ხელი ამ ხალხმა. „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, როგორც ასეთი, წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები მშვიდობიანი საშუალებით გადაწყვიტოს“. ეს არის თქვენი ძალის ხელმოწერილი მოღალატეობრივი ხელმოწერა. ეს არის ჩემი, როგორც იურისტის შეფასება რეზოლუციაზე. ამიტომ მოღალატეებმა ხმა არ უნდა ამოიღოთ. ბატონ ვაშაძეს მივმართავ, 2011 წელს რომ დაგაჯილდოეს, სახელმწიფო ორდენი რომ გადმოგეცა 2011 წელს, დარბევიდან მეორე დღეს. ახლა ვინ გველაპარაკება ჩვენ?! 2011 წელს სააკაშვილმა დააჯილდოვა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით. 2011 წლის 26 მაისს, დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? დარბევიდან მეორე დღეს, ქართველი ხალხის რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე?! სიმართლე ხომ მწარეა?! რა იუსტიციის სახლისთვის, რას იბრალებ?! იმასაც იბრალებ. დარბევიდან მეორე დღეს როგორ აიღე ბრწყინვალების ორდენი?! სირცხვილის ნატამალი არ გაგაჩნია?!“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.