„წესიერად ილაპარაკე. ჩემი მეგობარი ხარ, თუ როგორ მელაპარაკები“ - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ნოდარ ტურძელაძეს, რომელსაც მოუწოდა, რომ წესიერად ილაპარაკოს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ეკატერინე ხერხეულიძეს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც მათ შორის კამათი გაიმართა. 

„თავი შეიკავეთ და იცოდეთ სად ხართ. წესიერად მოიქეცით, დამშვიდდით. უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ. თავი შეიკავეთ. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ აქ. მორალური უფლება არ გაქვთ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოთ. დამშვიდდით. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ, გაფრთხილებთ რეგლამენტის შესაბამისად. მესმის, რომ პროვოკაციისთვის ხართ მოსული, მაგრამ გავაგრძელოთ განხილვა“, - მიმართა ოხანაშვილმა ხერხეულიძეს.

„უზრდელი თქვენ ხართ“, მიმართა ეკატერინე ხერხეულიძემ ანრი ოხანაშვილს.

შეგახსენებთ:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მუხლთან დაკავშირებით მსჯელობენ.

როგორც აღინიშნა, კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

საკითხზე მომხსენებელმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.