„ლელოს“ გადაწყვეტილება არის ღალატი, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნისთვის აუცილებლად გადაიხდის საფასურს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები ღირსეულად ტოვებენ „ლელოს“.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ყველა იმ პროდასავლური პარტიის თუ სამოქალაქო ჯგუფის, რომლებიც იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. მინდა, „ლელომ“ იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნა და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, არის ის, რის საფასურსაც აუცილებლად გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს ეტყობა კიდეც პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს „ლელოში“, ადამიანები ღირსეულად ტოვებენ „ლელოს“ იმ გადაწყვეტილების გამო, რა გადაწყვეტილებაც პარტიამ მიიღო“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებზე დასმულ კითხვაზე, ანი წითლიძემ განაცხადა:
„სალომე სამადაშვილი რას იტყვის, არ მაინტერესებს. სალომე სამადაშვილი გვახსოვს მაშინაც, როდესაც მამუკა ხაზარაძეზე ამბობდა, ჯიბეში კომკავშირის და კომუნისტური პარტიის ბილეთი უდევსო, შემდეგ „ლელოს“ წევრი გახდა. ასეთი არაპრინციპული განცხადებები მისთვის დამახასიათებელია. შესაბამისად, გასაგებია, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის პოზიციას, მისი განცხადება არის მცდელობა, თვალებში ნაცარი შეგვაყაროს და საპირისპიროში დაგვარწმუნოს, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, როდესაც თეთრზე ამტკიცებს, რომ შავია. ძალიან სირცხვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან, პოლიტიკური პატიმრობა არ არის ინდულგენცია, რომ არ ითქვას სიმართლე. სირცხვილი და თვალებში ნაცრის შეყრა იყო ეს განცხადება, რადგან პოლიტიკურმა პატიმრებმა, 18-19-20-25 წლის ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებიც ციხეში სხედან და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ არის ეს, არაერთხელ მოუწოდეს „ლელოს“, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. არაერთხელ სთხოვეს, ეს მცდარი ნაბიჯი არ გადაედგათ. ამიტომაც, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის რეალურ მიზეზზე უნდა ისაუბრონ და არა შირმად გამოიყენონ ტყუილი, რაც გაავრცელა გუშინ ბადრი ჯაფარიძემ. ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა რომ მიიღო, ამის ორი ვარიანტია: ან უნდა იყო გარიგებული, ან იყო სასარგებლო იდიოტი. ახლა ამ ორიდან რომელია „ლელო“, ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე როცა არის საუბარი, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები დგას ამ ქვეყნის წინაშე, რეალობა არის, რომ ან დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ან ყველა ერთად გავქრებით და ეს ქვეყანა არ იქნება, ასეთ მოცემულობაში „ლელოს“ პოზიცია ჩვენი მხრიდან -და არამხოლოდ ჩვენი მხრიდან – ფასდება ღალატად და ჩვენ ამ ყველაფერს ვარქმევთ სახელს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.