„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველს საგარეო მიმართულებით, ნატალია საბანაძეს დაუპირისპირდა, რომელიც კონგრესში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე მიწვეული იყო ე.წ. მოწმის სახით, როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15%- მდე მერყეობს.
„მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.
ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ნატალია საბანაძე გახარიას პარტიის წევრია. გადაეცით, მისი ლიდერი გახარია რუსულ რეჟიმს რომ ამაგრებდა და ბიძინა მესია ეგონა, სულ რაღაც, 3/4 წლის წინ არც, ანაკლიის პორტი რომ ჩააფლავა, თვალებს რომ თხრიდა ხალხს, „ნაცებს“ კი დასრულებით გვემუქრებოდა, მაშინაც კი იზრდებოდა „ნაცების“ ამომრჩეველი და დღემდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა მიუხედავად, შიდა და გარე მიზანმიმართული რყევებისა. შესაბამისად, სააკაშვილის ამომრჩეველი კარგად დაითვალოს. გახარია რომ უყალბებდა არჩევნებს და საარჩევნო ტერორს ხელმძღვანელობდა, მაშინაც კი გახარიაზე ასჯერ მეტი პერსონალური ხმა ჰქონდა მიშას. ცოტა მეტი მომზადება არ აწყენდა“, – დაწერა წითლიძემ.