საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა გულისხმობს, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც სესიაში, არც კომიტეტებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ განიხილება მანდატების დატოვებაც.

„ჩვენ მივიღებთ და გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივს, მათ შორის საპარლამენტოს, მათ შორის ქუჩის აქციებს, რათა შევძლოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. დანარჩენს გაიგებთ ხვალიდან, როდესაც კიდევ უფრო დაკონკრეტდება ჩვენი გეგმები აქციებთან, ლოკაციებთან ​და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ ერთიანია ყველა პრინციპულ საკითხზე და პარტიის მთავარი სიძლიერე არის ეს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, არის აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ძალიან ხშირად არის კამათი, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი და ყველა წევრი ვართ ერთიანი. ერთიანი ვართ იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ანა წითლიძემ.