„შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. , ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. ეს სისულელე კანონი კი არ უნდა გამოგქონდეთ, ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში. როგორ ზრუნავთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ამ ქვეყანაში ბავშვების შიმშილი ჰქვია, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ გეშინიათ და გგონიათ, რაც უფრო მეტ ასეთ შეზღუდვას შემოიტანთ, მით უფრო მეტად დააფრთხობთ საქართველოს მოქალაქეებს. არადა, სულ პირიქით არის, რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებთ, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. აუცილებლად მოგიწევთ ზუსტად ისე უკან დახევა, როგორც მარტის აქციების დროს დაიხიეთ. ახლა კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მე რომ მიკროფონი ან მეგაფონი მეჭიროს ხელში, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება? მერე გვითხარით, კონტროლის მექანიზმი გვაქვს ასევე სასამართლო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის გასაჩივრებაო. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, მიკროფონი რომ ხელში მიჭირავს და მეგაფონი, ამის გამო რომ დამაკავონ, მერე სად უნდა გავასაჩივრო, იმ სასამართლოში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?" - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ: პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.