ის, თუ როგორ იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძის სასამართლოს, თვითლუსტრაციის რაღაც ნაირსახეობაა. პრობლემები რომ არ ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ ასეთი რაღაცების გაკეთება არ მოუწევდა და პირიქით, ხელს შეუწყობდა საგამოძიებო კომისიას, რათა ყველას დაენახა, რომ კარგი სასამართლო გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და საპარლამენტო ცხოვრება გააჩერა.

„ასე თუ გაგრძელდა, მაწყობს. გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება დათმო. ჩვენ არ გადმოგვცა, მაგრამ თვითონაც აღარ იყენებს და არცერთ კანონს აღარ მიიღებს. ასე თუ გაგრძელდა, ეს ძალიან კარგი შედეგიც იქნება, მაგრამ დაველოდოთ, კიდევ რას მოიგონებენ. თუმცა, შინაარსობრივად, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა ოპოზიციის მხრიდან. პირველად შევძელით კოორდინირებულად წინააღმდეგობის გაწევა „ქართული ოცნებისთვის“. ასე თუ გავაგრძელეთ, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ძალიან რთული დილემის წინაშე აღმოჩნდება. ჩვენ თუ 50 დეპუტატი მყარად ვიქნებით და არავინ წავა, ან რამე არ დაემართება, მაშინ ყველა ვარიანტში, ამ დაპირისპირებაში მოვიგებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.