აჭარის საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი თამილა დოლიძესა და გიორგი კოხრეიძეზე გააკეთა.

კანდიდატებს ასარჩევად, უმაღლესი საბჭოს წევრების ერთი მესამედის ხმა სჭირდებოდა.

პროცედურულად, შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.
კონკურსში სულ შვიდი კანდიდატი: თამილა დოლიძე, გიორგი კოხრეიძე, თამარ წილოსანი,  ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ პაქსაძე, მარინა გიორგაძე და ნატა ასათიანი მონაწილეობდნენ.
პარლამენტმა 3 ივლისს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით 76 ხმით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად,  9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს  სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე. პროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული  ასიგნებების არანაკლებ 10%-ის ოდენობით,  ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით მიმართოს. 


ამავე ცვლილებებით,  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი აჭარის კვოტით დაემატა.