„კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ ორგანიზებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა სახელწოდებით – „საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“, რომელზეც საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. ღონისძიება დისკუსიების ციკლის „საქართველო ფოკუსში“ ფარგლებში მოეწყო.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იკავებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს, ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.
დისკუსიის სხვა მონაწილეებთან ერთად, ეკა ტყეშელაშვილმა ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და რა სცენარებია მოსალოდნელი არჩევნების შემდეგ.
პანელურ დისკუსიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იყო.