„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მომხსენებლად მიიწვია 12 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კომიტეტში განიხილება „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. ამ თემაზე, ეკა გიგაურთან ერთად, კომიტეტზე მომხსენებლები იქნებიან დუგლას რუცენი, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და იაჩო ვანგი „ფრიდომ ჰაუსიდან“, ჩინეთის, ჰონგ კონგისა და ტაივანის საკითხების კვლევების დირექტორი.
საქართველოში „რუსული კანონის“ მიღების მთავარი მიზანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა. მსგავსი კანონები კრიტიკული ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენება. ამ პრაქტიკის დანერგვა პუტინის რუსეთში დაიწყო და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობების მიერ იქნა გამოყენებული ადამიანის უფლებების დამცველებისა და მედიის წინააღმდეგ. ამ და სხვა საკითხებს შეეხება 12 სექტემბერს სენატში ჩანიშნული მოსმენა“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.