"ჩემს ადგილას რომ იყოს ახლა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არაფერი რომ არ შეიცვალოს და ჩემს ადგილას იყოს მაგალითად ქალბატონი ეკა გიგაური, იცით რას იტყოდნენ?! ასეთი სასამართლო როგორიც საქართველოშია, არის მისაბაძი. მათ ავტორიტეტებთან, პერსონალიებთანაც აქვთ პრობლემა, იმიტომ რომ ვერ მართავენ.  - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემ  გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.

"ამ სასამართლოს შევალიე ძალიან ბევრი რამე, თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის თავისუფლებაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს. რომ სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი, რომ მოსამართლეებს მისცემოდათ იმის საშუალება დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილებები.

მე მიმაჩნია, რომ რაც ახლა კეთდება, რასაც ახლა ამერიკის საელჩო აკეთებს, ეს გაუკეთებია მას სხვა ქვეყანაში. ზოგიერთი რომ იცინის და ღლიცინებს, როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიითვისეს სასამართლო, გაუკეთებია სხვა ქვეყნებში და თუ დაინტერესდებიან და გადახედავენ... ახლა აპირებენ ამას საქართველოში.

რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ზიანი მიადგა ამის საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ არის ლევან მურუსიძის ბრალი, ეს არის იმ არასამთავრობოების და პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ახლა იცინიან და უხარიათ, ის რომ მოქმედი მოსამართლე, მიუხედავად იმისა მათთვის შეიძლება მე არ ვიყო მისაღები, უხარიათ ის რომ მოქმედ მოსამართლეს სანქცია დაუწესეს." - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ