ჟენევაში, სასტუმრო „მანდარინ ორიენტალში“ გამართულ „სოთბის“ აუქციონზე უნიკალური 10,03-კარატიანი ბრილიანტი გაიყიდა.

ბრილიანტისთვის ორ მყიდველს შორის ბრძოლაში, რომელიც სამ წუთზე ოდნავ მეტს გაგრძელდა, კერძო ამერიკელმა კოლექციონერმა გაიმარჯვა. მან ბრილიანტში, რომელსაც ქვაში ხილული ლურჯი ელფერის ხაზგასმის მიზნით „ხმელთაშუა ზღვის ლურჯი“ დაარქვეს, 21,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე საწყისი ფასი 9 მილიონი შვეიცარიული ფრანკი იყო და საბოლოოდ ბრილიანტში მყიდველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 17 860 000 შვეიცარიული ფრანკი გადაიხადა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გადახდილი ფასი „არცთუ შთამბეჭდავია“ და ეს, მათი ვარაუდით, გარკვეულწილად, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობის გამო მოხდა.

ლურჯი ბრილიანტები წარმოუდგენლად იშვიათია. წარსულში კარატის ფასი 4 მილიონ დოლარს აღწევდა. ასე რომ, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი კარატზე, ექსპერტებს, ბუნებრივია, „არცთუ შთამბეჭდავად“ მიაჩნიათ.

31.93-კარატიანი ალმასი, რომლისგანაც „ბალიშისებრი“ 10,03-კარატიანი ბრილიანტი მიიღეს, 2023 წელს იპოვეს სამხრეთ აფრიკაში, შახტში „კულინანი“. ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტის მიერ გაცემული სერტიფიკატის თანახმად, ბრილიანტი არის ხასხასა ფანტაზიური ლურჯი ფერის, IIბ ტიპის VS2 სისუფთავის.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში, ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, 43,8 მილიონ დოლარად გაიყიდა ცისფერი ბრილიანტი Bleu Royal-ი.

უფრო ადრე, 2016 წელს, ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, იმ დროისთვის რეკორდული თანხა - 50,6 მლნ დოლარი (საკომისიო ხარჯებთან ერთად 57,5 მილიონი დოლარი), დაახლოებით 20 წუთიანი სატელეფონო ვაჭრობის შემდეგ გადაიხადეს 14,62 კარატიან ოპენჰაიმერის ცისფერ ბრილიანტში (Oppenheimer Blue).

აუქციონზე სხვადასხვა დროს გაყიდული ძვირფასი ქვების შესახებ ინფორმაციის გარკვეული ნაწილი თავმოყრილია „აიპრესზე“ გამოქვეყნებულ მასალაში: 11,15-კარატიან ვარდისფერ ბრილიანტში ინკოგნიტო მყიდველმა 57,73 მილიონი დოლარი გადაიხადა; ჟენევაში, „სოთბის" აუქციონზე, ბრილიანტი „ვარდის ზმანება" 26,6 მლნ დოლარად გაიყიდა და სხვა.