აუქციონზე დღემდე გაყიდულ მეწამულ-ვარდისფერ ბრილიანტთა შორის უდიდესი ბრილიანტი 26,6 მლნ დოლარად გაიყიდა
უაღრესად იშვიათი მეწამულ-ვარდისფერი, 14,8 კარატიანი რუსული ბრილიანტი „ვარდის ზმანება", 26,6 მლნ დოლარად გაიყიდა შვეიცარიაში, „სოთბის" აუქციონზე.
„ვარდის ზმანება" 2017 წელს მოპოვებული ალმასიდან გამოაწახნაგეს ბრილიანტად. მაღალი ფასი მისმა ზომამ და ფერმა (ვარდისფერ ბრილიანტთა 99% 10 კარატზე ნაკლებია) და უნაკლო შიდა სტრუქტურამ განაპირობა. აუქციონის ორგანიზატორები მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ.
აუქციონზე გატანილი ბრილიანტებიდან დღეისთვის ყველზე ძვირად არის გაყიდული „ვარდის ვარსკვლავი". 2017 წელს, ჰონკონგში, „სოთბის" აუქციონზე, 59 კარატიან ბრილიანტში მყიდველმა 71 მლნ დოლარი გადაიხადა.
ფერადი შეფერილობის მქონე ბრილიანტებში გადახდილი რეკორდული ფასები ასეთია:
2016 წელს, ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, იმ დროისთვის რეკორდული თანხა - 50,6 მლნ დოლარი, დაახლოებით 20 წუთიანი სატელეფონო ვაჭრობის შემდეგ გადაიხადეს 14,62 კარატიან ოპენჰაიმერის ცისფერ ბრილიანტში (Oppenheimer Blue).
2015 წლის ნოემბერში, ჟენევაში, „სოთბის" აუქციონზე, ჰონგ-კონგელმა მაგნატმა ჯოზეფ ლაუმ რეკორდული თანხა, 48,4 მლნ დოლარი გადაიხადა 12,03 კარატიან, ბალიშისებრ დაწახნაგებულ, ლურჯ ბრილიანტისთვლიან ბეჭედში. მან ბრილიანტს თავის შვიდი წლის ქალიშვილის პატივსაცემად „ჟოზეფინას ლურჯი მთვარე" უწოდა.
ბრილიანტის შემდეგ ყველაზე ძვირად გაყიდულ ძვირფას ქვათა შორის რეკორდულად ითვლება იმავე წლის მაისში, 25,59 კარატიან, კაშკაშა, სისხლისფერ-წითელ (ე.წ. მტრედის სისხლისფერი - „აიპრესი") ლალში, „აისის ლალად" წოდებულში გადახდილი თანხა - 30,4 მლნ დოლარი. 2013 წელს 35,5 მლნ დოლარად გაიყიდა „ფორთოხალი" - 14,82 კარატიანი, მსხლისებრ დაწახნაგებული, ნარინჯისფერი ბრილიანტი. ბრილიანტის ყოველ კარატში გადახდილი 2,4 მლნ დოლარი დღემდე რეკორდულია.
2010 წელს იმ დროისთვის რეკორდული თანხა - 46,2 მლნ დოლარი გადაიხადა „სოთბის' აუქციონზე 24,78 კარატიან, მუქ ვარდისფერ ბრილიანტში ბრიტანელმა დილერმა ლოურენს გრაფმა. მანამდე უსახელო ბრილიანტს ლოურენსმა „ვარდისფერი გრაფი" უწოდა.