ჰონგ-კონგში გამართულ „სოთბის" აუქციონზე ინკოგნიტო მყიდველმა 11,15 კარატიან ვარდისფერ ბრილიანტში, რომლის საწყის გასაყიდ ფასადაც 21 მილიონ ამერიკული დოლარი იყო მითითებული, საბოლოოდ, 57,73 მილიონი გადაიხადა

ჰონგ-კონგში გაყიდული ვარდისფერ ბრილიანტის ერთ კარატში გადახდილი თანხა რეკორდულია ძვირფასი თვლის ერთ კარატში ოდესმე გადახდილ თანხებს შორის. „სოთბის" აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უილიამსონის ვარდის ვარსკვლავი / ლოტი 1115 - „ბალიშისებრი", ფანტაზიური ხასხასა-ვარდისფერი, 11,15-კარატიანი ბრილიანტია, გვერდებზე თეთრი, ტრაპეციის ფორმის ბრილიანტებით, 18-კარატიანი წითელი და თეთრი ოქროს ვარდისფერი ბრილიანტებით მოარშიებულ 5¾ ზომის რგოლზე.











ტანზანიაში, კანადელი გეოლოგის, ჯონ უილიამსონის სახელობის შახტაში მოპოვებული 32 კარატიანი ალმასისისგან გამოწახნაგებულ 11,15 კარატიან ვარდისფერ ბრილიანტს ორი ლეგენდარული ვარდისფერი ბრილიანტის მსგავსად „ვარდის ვარსკვლავი" უწოდეს. პირველი მათგანი, 23,6-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, მხურვალე როიალისტმა ჯონ უილიამსონმა, რომლის მფლობელობაშიც იმ დროს იყო ტანზანიის მვადუის შახტა, 1947 წელს საქორწილო საჩუქრად მიართვა დედოფალ ელისაბედ II-ს, მეორე, 59,6-კარატიანი „ვარდის ვარსკვლავი" კი 2017 წელს ჰონკონგში, „სოთბის” აუქციონზე, 71,2 მლნ დოლარად გაიყიდა.



კარტიე ფირმის ოსტატ ფრედერიკ მიუს მიერ შექმნილი ყვავილის ფორმის გულსაბნევი, რომლის მშვენებაც უილიამსონის ნაჩუქარი „ვარდის ვარსკვლავი" გახდა, დედოფლის ფავორიტი სამკაული გახდა. ლონდონის საიუველირო მაღაზიის მმართველი დირექტორის ტობიას კორმინდის თქმით, მონარქთან ასოციაციამ, სავარაუდოდ, ძვირფასი ქვის ფასის ზრდას შეუწყო ხელი.



ტობიას კორმინდის მოსაზრებას, ცხადია, აქვს არსებობის საფუძველი, თუმცა უპირველესი მიზეზი, რის გამოც „ვარდის ვარსკვლავი" ამ ფასად გაიყიდა, მისი უმაღლესი ხარისხი, ვარდისფერი ალმასების იშვიათობა და 5 კარატზე უფრო დიდი ზომის მაღალი ხარისხის ვარდისფერი ბრილიანტების ძალიან დიდი იშვიათობაა და მათი ფასი უკანასკნელ ათწლეულებში, ყოველი კარატის მატებასთან ერთად, გეომეტრიული პროგრესიით მატულობს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს 11,15-კარატიანი ბრილიანტის ხარისხი. „ვარდის ვარსკვლავს" თანდართული, ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტის დასკვნის თანახმად, ბრილიანტი არის ხასხასა-ვარდისფერი ფანტაზიური ბუნებრივი ფერის, შიდა დეფექტების გარეშე და გამოწახნაგებულია ქიმიურად ყველაზე სუფთა IIა ტიპის ალმასიდან. უილიამსონის ვარდის ვარსკვლავების გარდა აუქციონებზე გაყიდულ დიდი ზომის ვარდისფერი შეფერილობის ბრილიანტთაგან აღსანიშნავია: 2021 წელს ჰონგკონგში 29,3 მილიონ დოლარად გაყიდული ფანტაზიური ხასხასა იისფერ-ვარდისფერ 15,81-კარატიანი „საკურა";



2017 წელს 14,6 მილიონ დოლარად გაყიდული, 1661 წელს კარდინალ მაზარინის მიერ ლუდოვიკოXIV-თვის ნაჩუქარი ღია-ვარდისფერი, კვადრატული ფორმის ბრილიანტი „დიდი მაზარინი";



2016 წელს ჟენევაში „კრისტის" აუქციონზე 18,2 მილიონ დოლარად გაყიდული 9,14-კარატიანი მსხლისებრი ფორმის, ხასხასა-ვარდისფერი ფანტაზიური ბრილიანტი

აუქციონებზე გაყიდული ძვირფასი ქვების შესახებ ინფორმაციის ერთი ნაწილი თავმოყრილია „აიპრესის" მიერ მომზადებულ მასალაში: ჟენევაში, „სოთბის” აუქციონზე, ბრილიანტი „ვარდის ზმანება” 26,6 მლნ დოლარად გაიყიდა

ინფორმაციისთვის: ○ ალმასი ბუნებრივი ძვირფასი ქვაა, ხოლო მისი შინაგანი ელვარებისა და მშვენიერების წარმოჩენის მიზნით დაწახნაგებულ ძვირფას ქვას ბრიალიანტს უწოდებენ

○ ბრილიანტებში განარჩევენ დაწახნაგების ფორმებს: „მრგვალი", „ოვალი", „ბაგეტი", „მარკიზი", „გული", მსხალი", „ბალიში" და სხვა

○ ძვირფასი ქვების ფერის მითითებასთან ერთად გემოლოგები ფერის ინტენსივობასაც მიუთითებენ. არსებობს ბრილიანტების ფერის ინტენსივობის 9 გრადაცია: უმნიშვნელო, ძალიან სუსტი, სუსტი, სუსტი-ფანტაზიური, ფანტაზიური, მუქი ფანტაზიური, ინტენსიურ-ფანტაზიური, გაჯერებულ-ფანტზიური და ხასხასა (კაშკაშა) ფანტაზიური ○ ალმასების სხვადასხვა შეფერილობას მის კრისტალურ მესერში ნახშირბადის ამა თუ იმქიმიური ელემენტის ატომის ჩანაცვლება განაპირობებს (მაგალითად, აზოტისგან ალმასი მოყვითალო-მოყავისფრო შეიძლება გახდეს, ბორისგან - ცისფერი, გრაფიტის ან სულფიდების მიკროსკოპული ჩანართებისგან - შავი), მაგრამ ვარდისფერი ალმასი არა მინარევი ელემენტის, არამედ წნევისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში კრისტალური მესრის პლასტიკური დეფორმაციის შედეგად მიიღება

○ ალმასებში განასხავებენ Iა, Iბ, IIა და IIბ ტიპის ალმასებს. Iა და Iბ ტიპის ალმასებში ძირითადი მინარერვი აზოტია. მისი ატომების მესერში განლაგებიდან ადგილიდან გამომდინარე ალმასმა შეიძლება მიიღოს ან არ მიიღოს რაიმე შეფერილობა. ასეთი ალმასები მთელი ალმასების 98%-ს შეადგენენ. ალმასების მცირე ნაწილში აზოტის შემცველობა რაოდენობრივ განსაზღვრას არ ექვემდებარება. ეს ალმასები რაოდენობრივად მთელი ალმასების 1,8%-შედგენენ. მათგან იმ ალმასებს, რომელთა კრისტალურ მესერში ბორის ატომებია, IIბ ტიპის ალმასებს მიაკუთვნებენ, ხოლო მათ, რომლებშიც ნახშირბადის გარდა არცერთი სხვა ქიმიური ელემენტი არაა და რომელთა ფერებიც (წითელი და ვარდისფერ) კრისტალური მესრის პლასტიკური დეფორმაციის შედეგია, ყველაზე ძვირად ღირებულ, IIა ტიპის ალმასებს მიაკუთვნებენ

○ კარატი ძვირფასი ქვების ზომის ერთეულია და 0,2 გრამს უდრის. ამავე დროს, კარატი გამოიყენება სინჯის სინონიმადაც. 18-კარატიანი ოქრო იგივეა, რაც 750 სინჯის ოქრო

○ წითელი და თეთრი ოქრო - 750 სინჯის ოქროს წითელი ფერს მასში თანაბარი რაოდენობით არსებული სპილენძის და ვერცხლის მინარევები აძლევენ, თეთრ ფერის მისაღებად მინარევში სპილენძსა და პალადიუმს შორის ფარდობა არის 1:4-თან

○ ბეჭდები შიდა დიამეტრი 13მმ-იდან 23მმ-ის ჩათვლით შეიძლება იყოს. 5¾ ამერიკული სტანდარტია, ჩვენი 16,2მმ-ის ანალოგიური.