დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური (AWS) დამონტაჟდა.

კორეის მხარის მიერ სააგენტოსთვის გადმოცემული სადგურები კლიმატური პირობების უწყვეტ და ავტომატურ მონიტორინგს უზრუნველყოფს. სისტემა აღრიცხავს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობას, ნალექს, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს.

მიღებული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, გრძელვადიან პერიოდში დააკვირდნენ კლიმატური პირობების ცვლილებას, გამოავლინონ არსებული ტენდენციები და შეაფასონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად მაღალმთიან ეკოსისტემებში.

მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ყაზბეგის ეროვნული პარკის ეკოსისტემების მდგომარეობის შესაფასებლად და დაცული ტერიტორიის მართვის, კონსერვაციისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

სადგურების დამონტაჟების სამუშაოები კორეის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, კიმ ჯინ-ტაეს ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს შორის თანამშრომლობა 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. სააგენტოს უკვე გადმოეცა სახანძრო ტექნიკა, რეინჯერთა რაციები და საგანმანათლებლო მასალები.

2025 წელს ბუხანსანისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმის გაფორმებამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა.