ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, 43,8 მილიონ დოლარად გაიყიდა ცისფერი ბრილიანტი Bleu Royal-ი.

17,61-კარატიანი, შინაგანად უნაკლო, ფანტაზიური კაშკაშა-ცისფერი Bleu Royal-ი უდიდესია აუქციონებზე ოდესმე გაყიდულ ცისფერ ბრილიანტთა შორის. 


მსხლისებრი დაწახნაგების,  სიგრძეში 13 მმ და სიგანეში 8 მმ ზომის ბრილიანტის მყიდველის ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია გამყიდველის ვინაობაც. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში Bleu Royal-ი „მნიშვნელოვანი კერძო კოლექციის" ნაწილი იყო.

ფანტაზიური კაშკაშა ცისფერი ბრილიანტები წონით 10 კარატი და მეტი, ძალიან იშვიათია. 2016 წელს, ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, იმ დროისთვის რეკორდული თანხა - 50,6 მლნ დოლარი (საკომისიო ხარჯებთან ერთად 57,5 მილიონი დოლარი), დაახლოებით 20 წუთიანი სატელეფონო ვაჭრობის შემდეგ გადაიხადეს 14,62 კარატიან ოპენჰაიმერის ცისფერ ბრილიანტში (Oppenheimer Blue). 

2022 წელს „სოტბის" აუქციონზე 57,4 მილიონ დოლარად გაიყიდა 15-კარატიანი De Beers Cullinan Blue.




2015 წლის ნოემბერში, ჟენევაში, „სოთბის" აუქციონზე, ჰონგ-კონგელმა მაგნატმა ჯოზეფ ლაუმ რეკორდული თანხა, 48,4 მლნ დოლარი გადაიხადა 12,03 კარატიან, ბალიშისებრ დაწახნაგებულ, ლურჯ ბრილიანტისთვლიან ბეჭედში. მან ბრილიანტს თავის შვიდი წლის ქალიშვილის პატივსაცემად  „ჟოზეფინას ლურჯი მთვარე" უწოდა.



„ჟოზეფინას ლურჯი მთვარე" რეკორდსმენია ცისფერ ბრილიანტის 1 კარატში გადახდილი თანხის (4 მილიონი დოლარი) რაოდენობით, ბრილიანტის 1 კარატში გადახდილი ყველაზე დიდი ოდენობის თანხით კი რეკორდი ვარდისფერ ბრილიანტ „ვარდის ვარსკვლავს" ეკუთვნის.