უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი "ფაქტობრივად უკვე მზად არის". ამის შესახებ ზელენსკიმ თავის მიმართვაში ილაპარაკა. 

"უკრაინისთვის, ესე იგი, მთელი ჩვენი ევროპისთვის, უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად უკვე მზად არის. დეტალები ყურადღებით მუშავდება, ყველაფერი ყველა პარტნიორთან იქნება შეთანხმებული". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, "ახლა აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა სამხედრო მოქმედებების დასასრულებლად, შეხვედრების იმ ფორმატის მისაღწევად, რომელიც იმუშავებს, სანდო სიმშვიდის მისაღწევად, რათა რუსეთმა მკვლელობა და დარტყმები შეაჩეროს". 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი უკრაინა ევროპასთან, აშშ-სთან და სხვა გლობალურ აქტორებთან ერთად ითანამშრომლებს. 

6 სექტემბერს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელშიც მონაწილეობაზე 26 ქვეყანა არის თანახმა, სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერუსაფრთხოების, არმიისა და ფინანსურ სფეროებში თავდაცვას მოიცავს.