უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არსებული ცნობებით, რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.

"დღეს რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის გამო სამხედრო ავიაცია ააფრინა. ამჟამინდელი მონაცემებით, დრონი რუმინეთში დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთი მოქმედებდა. 

დღეს რუსული მოიერიშე დრონების საფრთხის გამო სამხედრო პასუხი ასევე პოლონეთმა აამოქმედა". - წერს ზელენსკი. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ დაამატა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში ვოლინის მიმართულებით დრონებით შესაჭრელად ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა. მანვე აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს დრონების მარშრუტები ზუსტად აქვთ გათვლიი.

"რუს სამხედროებს ზუსტად ესმით, საით არის მათი დრონები მიმართული, რა დროის განმავლობაში შეუძლიათ მათ ჰაერში დარჩენა. მარშრუტები ყოველთვის გათვლილია. ეს დამთხვევა, შეცდომა ან დაბალი რანგის რომელიმე მეთაურების ნამოქმედარი ვერ იქნება. ეს რუსეთის მხრიდან აშკარა ომის გაფართოებაა და სწორედ ასე იქცევიან. თავიდან მცირე ნაბიჯები, შედეგად კი დიდი დანაკარგები". - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა პრევენციული მოქმედებისკენ მოუწოდა, "იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს უმნიშვნელო სამხედრო საფრთხე მათგან, ვინც სხვათა დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის განადგურებას არის შეჩვეული". 

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საჭიროა. რუსული ვაჭრობის წინააღმდეგ ტარიფები საჭიროა. ერთობლივი თავდაცვა საჭიროა და უკრაინამ პარტნიორებს სწორედ ასეთი თავდაცვის სისტემა შესთავაზა. გადაწყვეტილებას მისაღებად ათობით შაჰედსა და ბალისტიკას ნუ დაუცდით". - წერს ზელენსკი.