უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს ცენტრების გახსნას საზღვარგარეთ, რათა დახმარება გაუწიოს უკრაინელებს და შექმნას პირობები მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამისი ეროვნული ერთიანობის ცენტრები იხსნება და გაიხსნება ბევრ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან.

"ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებშიც. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან", – აღნიშნა ზელენსკიმ.