პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წელს "ჩეხური ინიციატივის" ფარგლებში, შესაძლოა, 1.8 მილიონი ერთეული საარტილერიო ჭურვი მიიღოს, საერთო ჯამში კი პარტნიორებისგან სულ 3 მილიონი ჭურვის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩეხეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საარტილერიო ჭურვების თვალსაზრისით.
"ჩვენ ველოდებით, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობა ისეთივე პროდუქტიული იქნება. ჩვენ განვიხილეთ - წელს შესაძლოა 1.8 მილიონი ჭურვი იყოს. ეს ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებაა," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ორშაბათს ჩეხეთის სამხედრო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
"ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებს ვამზადებთ", - განაცხადა მან.