უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალებს მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოიყენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 9 წლის წინ, როდესაც რუსეთი დონბასსა და ყირიმში შეიჭრა, კიევი მოუწოდებდა მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ და კასეტური საბრძოლო მასალების აკრძალვისკენ.
"უკრაინამ მიიღო კასეტური საბრძოლო მასალები 2023 წელს - მანამდე 9 წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებდა. 9 წლის წინ ვთქვით, რომ დახმარება გვჭირდებოდა. საჭირო იყო რუსეთზე ზეწოლა და კასეტური საბრძოლო მასალების აკრძალვა. გავიდა 9 წელი და ისინი როგორც იყენებდნენ, ასევე იყენებენ ახლაც. აქვს თუ არა უკრაინას თავდაცვის უფლება?" - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალებს მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოიყენებს, რასაც ზელენსკიმ სამართლიანი გადაწყვეტილება უწოდა.
"მოგვცეს კასეტური საბრძოლო მასალები. სად არის მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინამ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენა? ამის მტკიცებულებები არ არსებობს. დიახ, ბრძოლის ველზე, მტრის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე, როდესაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს, ჩვენ ასეთივე იარაღს გამოვიყენებთ. ეს სამართლიანია", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.