უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა NATO-ს მომდევნო სამიტამდე, რომელიც 2024 წელს ვაშინგტონში იმართება, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წინააღმდეგ გამარჯვებას მოიპოვებს. ზელენსკიმ ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა ალიანსის მომდევნო სამიტის მოლოდინების შესახებ. „ეს სიმართლეა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინისთვის მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება NATO-ს მომავალ სამიტზე - სიმბოლურია, ეს ხომ ალიანსის 75 წლისთავია - ვაშინგტონში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი მუშაობა და მზადება გვმართებს ამ სამიტისთვის“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამარჯვება მისი მთავარი და ერთადერთი მიზანია, მისივე თქმით, „გამარჯვებასთან ერთად დადგება NATO-ს წევრობაც“. „ყველაფერი გასაგებია: ჩვენ უკვე გვაქვს აბსოლუტური ერთსულოვნება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. ეს აბსოლუტურად სამართლიანია: უკრაინა იბრძოდა ასეთი ახლო მომავლისთვის - გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების ალიანსი და დამოუკიდებელი სახელმწიფო“ - დასძინა ზელენსკიმ.