„საქართველოს ავიაბაზარზე Norwegian-ის შემოსვლას საკმაოდ დადებითი შედეგები ექნება, ვინაიდან ნებისმიერი პირდაპირი მიმართულების დამატება თავისთავად იწვევს სტუმრების მოზიდვას ამ ქვეყნებიდან და ამის მაგალითები სახეზეა მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა.

მისივე განმარტებით, გარდა შემომყვანი ტურიზმისა, ბაზარზე სკანდინავიური ავიაკომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი იქნება გამყვანი ტურიზმის კუთხითაც.

„საქართველოდან ძალიან ბევრ ქართველს მიეცემა ისეთი ქალაქის მონახულების საშუალება, როგორიც არის კოპენჰაგენი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში  ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობისას ძალიან ბევრმა ადგილობრივმა თბილისისა და ბათუმის მონახულების სურვილი გამოთქვა. ჩემი მოსაზრებით, ეს გამოიწვია სწორ ბაზრებზე  რეკლამებმა და ასევე საერთაშორისო გამოფენებმა, რომლებშიც ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ როგორც სასტუმროების მიმართულებით, ისე ტურისტული სააგენტოების კუთხით. გამოფენებში მონაწილეობით შევძელით ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო საქართველო“, - აღნიშნა მაია წერეთელმა.
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის შემდეგ ბიზნესმა ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ორმხრივი ხელშეკრულებები გააფორმოს და რაც შეიძლება მეტი ტურისტი დააინტერესოს.
„ცხადია, ახლა უკვე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შორის მოხდეს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება სტუმრების გაცვლაზე და ვიზიტების დაგეგმვაზე. ჩვენ, სასტუმროების მხრიდან, შეგვიძლია მათ საკმაოდ კარგი ფასები შევთავაზოთ, განსაკუთრებული შეთავაზებები გავუკეთოთ სკანდინავიის ქვეყნებიდან მოზიდულ სტუმრებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა კარგ შედეგებსაც დაველოდებით“, - აღნიშნა McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ევროპული ავიაკომპანია Norwegian იწყებს. Norwegian კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ორჯერ შესრულდება.