2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ რეჟიმში გაიაროს საცდელი ტესტირება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაიაროს საცდელი ტესტირება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეს საშუალება ექნება, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

საცდელი ტესტირების გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: ol-test.naec.ge 21 ნოემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, დღის ამ მონაკვეთში მოსწავლეს შეუძლია, ნებისმიერი კომპიუტერიდან  შევიდეს შესაბამის გვერდზე, პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს „საცდელი ტესტირება“ და შეასრულოს დავალებები (სასურველია, ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).

„ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული: https://ol-test.naec.ge. ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“ და აჭერს ღილაკს – „შესვლა“. პაროლის დავიწყების შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს ღილაკი „პაროლის აღდგენა“ და რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე მიიღებს განახლებულ კოდს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ შექმნათ ახალი პაროლი. ტესტირების გვერდზე -„ჩემი ტესტები“ – მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და ტესტს (“საცდელი ტესტირება”). თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება. თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).

საცდელი ტესტირებისათვის განსაზღვრულია დრო (1 საათი). კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ წუთებს.

გაითვალისწინეთ: სისტემიდან გამოსვლის შემთხვევაში პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან. პირადი ნომრისა და პაროლის შეყვანის შემდეგ პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.

მნიშვნელოვნია, რომ პრეტესტი არ ფასდება. ტესტირების დროს კი მოსწავლე ეკრანზე ხედავს შეფასებას მუშაობის დასრულებისთანავე.

ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია, დაუკავშირდეს ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2473333“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე.