უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მალევე ბელარუსის მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული რაკეტებით დარტყმის გამო ბოდიში მოუხადა და პასუხად შესთავაზა ბელარუსში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა. ამის შესახებ მან ამერიკელი ინტერვიუერის ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორ-სამ დღეში ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც, მისი თქმით, "ლუკაშენკომ უთხრა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები პუტინმა ისროლა, თავად კი ვერაფერს აკონტროლებს".
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, "ლუკაშენკოს უპასუხა, რომ ისიც მკვლელია და მაშინ, როცა უკრაინას და ბელარუსს ერთმანეთთან არასდროს უომიათ, როგორ დაუშვა თავისი მიწიდან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა".
ზელენსკის თქმით, "ლუკაშენკომ შესთავაზა, რომ პასუხად დაერტყათ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბელარუსში მდებარე, მოზირის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნისთვის".
"მე მას ვუთხარი, რაზე ლაპარაკობ, რა პასუხი?", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, ლუკაშენკოსთან ამ სატელეფონო საუბრის მოწმეებიც ჰყავს.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების ფართომასშტაბიან შეჭრასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო შეტევა დაიწყო ბელარუსის ტერიტორიიდანაც.