მოზარდმაყურებელთა თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის - „მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფია“ (I ტომი) წარდგენა გაიმართა.
მოზარდმაყურებელთა თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის - „მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფია“ (I ტომი) წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო.
წიგნ-ალბომის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა კიკვაძეა, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი - მოზარდმაყურებელთა თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი.
გამოცემა ქართული თეატრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, სცენოგრაფიის ისტორიისა და განვითარების ამსახველ უნიკალურ მასალას აერთიანებს და ფართო საზოგადოებას იმ მხატვართა შემოქმედებით მემკვიდრეობას აცნობს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ქართული კულტურის ისტორიაში.
ალბომის პირველი ტომი 1927-1969 წლებში, მოზარდმაყურებელთა თეატრების განვითარების ძირითად ეტაპებსა და ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლების სცენოგრაფიის ისტორიას მოიცავს. გამოცემაში წარმოდგენილია მიხეილ გოცირიძის, გრიგოლ
ვოლჩინსკის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ნიკა ყაზბეგის, თამარ აბაკელიას, ირინა შტენბერგის, დიმიტრი თავაძის, სოლიკო ვირსალაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, დინარა ნოდიას, თენგიზ სამსონაძის, გივი ცერაძის, მიხეილ ჭავჭავაძისა და სხვა გამორჩეულ მხატვართა ნამუშევრები.
ღონისძიების ფარგლებში თეატრის ფოიეში თეატრის მუზეუმში დაცული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ესკიზების გამოფენა გაიხსნა, რომელიც იმავე პერიოდს მოიცავს, რაც ალბომის პირველ ტომშია წარმოდგენილი.
წიგნ-ალბომი მოზარდმაყურებელთა თეატრის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2027 წელს აღინიშნება.
პრეზენტაციის დასასრულს, თეატრმა მაყურებელმა იხილა რეპერტუარის ერთ-ერთი უახლესი ნამუშევარი, მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
სპექტაკლის სცენოგრაფია მხატვარ ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის.










