უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ისთვის რაკეტების მორიგი, თუმცა მცირე მოცულობის პარტია მიიღო.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მიუხედავად პარტნიორების დახმარებისა, არსებული რაოდენობა ქვეყნის სრულფასოვანი დაცვისთვის საკმარისი არ არის.
"ჩვენ მივიღეთ Patriot-ის რაკეტების მცირე პარტია. ეს კარგია, მაგრამ ეს არის წვეთი ზღვაში იმასთან შედარებით, რაც რეალურად გვჭირდება ცის დასაცავად და რუსული სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარე მუდმივად მიუთითებს იმაზე, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ქალაქების დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო მარაგი დაუყოვნებლივ უნდა შეივსოს.
ოფიციალური კიევი დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს, რათა მიწოდების ტემპები გაიზარდოს და ქვეყანამ დამატებითი საზენიტო კომპლექსები და რაკეტები მიიღოს.




