აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პარასკევს დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში მომავალ ხუთშაბათს, 21 სექტემბერს შედგება.
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ გაიმართება.
"ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ეს ხდება კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსეთი უიმედოდ ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა მისი სასტიკი ომისთვის უკრაინაში და უკრაინის ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევას." - აღნიშნა სალივანმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რეგულარული შეხვედრა, რომელიც ცნობილია რამშტაინის ფორმატის სახელით, მომავალი კვირის დასაწყისში შედგება.
მანამდე არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ და სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში ზელენსკის ვიზიტის შესახებ. The Washington Post-ის ცნობით, ის აშშ-ის კონგრესს ეწვევა, რათა კანონმდებლებმა უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცონ.