უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა, რათა გამკლავებოდა რუსული დრონებით უწყვეტ იერიშებს, რაც ირანული დიზაინის მქონე შაჰედის ტიპის დრონებსაც მოიცავს.

"ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს შაჰედებთან... მათ გასანადგურებლად ყველანაირ ხერხს გამოვნახავთ," - თქვა ზელენსკიმ: "ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო."

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ გეგმაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.