შეერთებული შტატები ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ცენტრალური აზიის სახელმწიფო რუსეთს ქვესანქცირებულ აღჭურვილობასა და ელექტრონიკას აწვდის. ამ ინფორმაციას The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებული არიან ყირგიზეთის როლით. მათი თქმით, ამაში ჩართულია მრავალი ბიზნესი, რომლებიც იმ დასავლური და აზიური საქონლის მიმწოდებლად იქცნენ, რომელსაც რუსეთი სხვაგან ლეგალურად ვერ მოიპოვებს.
გამოცემის თანახმად, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების უშედეგო ვიზიტების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია ახალ ეკონომიკურ ზომებს ამზადებს, რათა რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის მიზნით ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს.
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ სანქციები ან დარღვევებში ბრალდებული კომპანიების შავი სია შეიძლება უკვე ამ კვირაში შემოიღონ.
"ყირგიზეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ყველაზე მკაფიო მაგალითია, სადაც ყველა ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, ქმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა თავიდან აიცილონ." - განუცხადა წყარომ WP-ს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი სავაჭრო დოკუმენტები აჩვენებს ყირგიზეთის ჩრდილოვანი ბაზრის მასშტაბებს. მონაცემების თანახმად, ყირგიზეთის მთლიანი ექსპორტი რუსეთში 2022 წელს, უკრაინაში შეჭრამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 250%-ით გაიზარდა.
ზოგიერთი საქონელი, როგორიცაა ოპტიკური სამიზნეები, ყირგიზეთს რუსეთში იქამდე არასდროს შეუტანია.
სავაჭრო დოკუმენტები ასევე აჩვენებს მოსკოვთან კოორდინაციის მაღალ დონეს შესყიდვების სფეროში. ჩანაწერები აჩვენებს, რომ თებერვალსა და მარტში ყირგიზულმა კომპანიებმა ჩინური და სამხრეთ კორეული კომპანიებისგან შეიძინეს ასობით ათასი დოლარის ღირებულების ელექტრონიკა - მათ შორის სპეციალიზებული ნახევარგამტარები და ძაბვის გამაძლიერებლები.
დოკუმენტების მიხედვით, იმავე პერიოდში ყირგიზეთიდან რუსეთში თითქმის იგივე რაოდენობის ელექტრონიკის ექსპორტი მოხდა.
რუსული კომპანიები, რომლებმაც საქონელი მიიღეს, უმეტეს შემთხვევაში თავდაცვის ინდუსტრიის ცნობილი მიმწოდებლები იყვნენ.
ამერიკის ხელისუფლება მესამე მხარეებთან ტრანზაქციების აშკარა თანმიმდევრულობას განიხილავს, როგორც რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მუშაობას, რომლებიც ახლა უშუალოდ არიან ჩართულნი ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის სქემებში.