აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინას ფარულად ივნისის დასაწყისში ეწვია. ამის შესახებ The Washington Post წერს.
კიევში შეხვედრების დროს ბერნსმა მიიღო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადებისა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ.
CIA-ს დირექტორის საიდუმლო ვიზიტის დროს, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მას გაანდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ამბიციური სტრატეგია.
ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებთან.
ბერნსი უკრაინაში "კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში ჩავიდა, როდესაც უკრაინული ძალები ცდილობენ მოიპოვონ უპირატესობა დიდი ხნის ნანატრ კონტრშეტევაში, მაგრამ ბრძოლაში ჯერ არ ჩართულა დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადების უმეტესი ნაწილი," - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის წყაროს ცნობით, ვიზიტის მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების დადასტურება იყო, რომ უკრაინა მიიღებს სადაზვერვო ინფორმაციას თავის დასაცავად.
26 ივნისს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ CIA-მ დეტალურად იცოდა ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების გეგმების შესახებ, მაგრამ ინფორმირებული იყო მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური პირი. The Washington Post-ის ცნობით, ბერნსს ეს ინფორმაცია ვიზიტის დროს უკრაინელებთან არ განუხილავს.