თეთრ სახლში აღფრთოვანებულები არიან უკრაინელთა კონტრშეტევის პირველი ეტაპის შედეგებით, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, - წერს The Washington Post-ი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები 5 ივნისს შეტევაზე სამხრეთ მიმართულების ერთდროულად რამდენიმე რაიონში გადავიდნენ, რიგი მონაკვეთების დანაღმულობის მიუხედავად, რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და 5-10 კილომეტრით წინ წაწევა მოახერხეს.
უკრაინული შეტევის არსებული ტემპი ამერიკელ ჩინოსნებს უსახავთ იმედს, რომ ზელენსკის არმია მარიუპოლამდე და მელიტოპოლამდე მიღწევას შეძლებს და რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს გადაჭრის.
"ვაშინგტონში მოელიან, რომ უკრაინული კონტრშეტევა კიევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაუბრუნებს" - აცხადებდა კონტრშეტევის დაწყებამდე ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი და დასძენდა, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები დიდწილად განსაზღვრავდა სამომავლო მოლაპარაკებებს.