უკრაინას ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი მიღწევების მიღწევა ზაფხულსა და შემოდგომაზე, მკაცრი ზამთრის დადგომამდე სურს, რათა დასავლელი მოკავშირეები დარწმუნდნენ, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია. ამ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
"უკრაინას შეტევის გადადება აღარ შეეძლო," - წერენ ავტორები უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით.
უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი ვილნიუსში, ნატოს ივლისის სამიტზე მთავარი თემა იქნება.
15 ივნისს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, ბრიუსელში, "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, რათა კიევმა "პუტინის სასტიკ და აგრესიულ კამპანიაში გაიმარჯვოს."
უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა. ამ ოპერაციის კომენტირებისას, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ 15 ივნისს ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინა "სტაბილურ პროგრესს აღწევს."
"ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა და, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება და დიდი დანაკარგებს გამოიწვევს," - აღნიშნა მან.
მანამდე, 12 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს დონეცკისა და ტაურიდას ოპერაციულ რაიონებში წინსვლა და 90 კვ. კილომეტრი ტერიტორიის განთავისუფლება.
"ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია; უკრაინელმა სამხედროებმა შეზღუდეს ჟურნალისტების წვდომა ფრონტის ხაზზე," - წერს გამოცემა. "მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ეს მიღწევები მოკრძალებული პროგრესია, რომელიც უკრაინელების აზრით, რუსებს უკან დახევას აიძულებს და უკრაინის მიმართ დასავლელი მხარდამჭერების ნდობას გააძლიერებს."