აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმება პირადად სთხოვა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.

გამოცემას წყარომ უთხრა, რომ ამერიკელი მილიარდერის მცდელობა უშედეგო იყო. ამერიკის პრეზიდენტმა მასკის თხოვნა არ გაითვალისწინა.

სააგენტო Bloomberg, თავის მხრივ, წერს, რომ ტრამპის ტარიფების გამო მასკმა მილიარდობით დოლარი დაკარგა.

გამოცემა ირწმუნება, რომ სხვა ამერიკელმა მილიარდერებმაც იზარალეს. საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, თითოეულმა მათგანმა რამდენიმე საათში თითქმის 10 მილიარდი დოლარი დაკარგა.