უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საშობაო ზავის ინიციატივას აკრიტიკებს.
მისი თქმით, ორბანთან არ უსაუბრია, როდესაც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნული ინიციატივა გაასაჯაროვა. ზელენსკის აზრით, ეს არასერიოზულია.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია, როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ ინიციატივებზე, რომლებიც ეხება უკრაინელების სიცოცხლეს და ამის შესახებ ჩვენ მედიიდან ვიგებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტს ესწრებოდა.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ვიქტორ ორბანს არ აქვს მანდატი მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
„მისი ურთიერთობები პუტინთან ზედმეტად თბილია იმისთვის, რომ პუტინს ადგილი მიუჩინოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის პრემიერის შეთავაზებები უფრო მეტად პოლიტიკურ პიარს ჰგავს.
„რას გვთავაზობს უნგრული მხარე, ჩემთვის უცნობია, გარდა იმისა, რომ ეს რაღაცნაირად სადღესასწაულოდ ჟღერს – „საშობაო გაცვლა“. ჩვენ სულ არ გვემხიარულება. არაფრის განხილვა და გადაწყვეტა არ შეიძლება უკრაინის გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს საშობაო ზავის გამოცხადებისა და სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის წინადადება შესთავაზა, თუმცა, მისი თქმით, ზელენსკიმ ეს შეთავაზება უარყო.
თარგმანი: პირველი არხი