ივლისის ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში, უკრაინის ალიანსში მიწვევის ნაცვლად, პარტნიორები კიევს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდნენ. ჩვენ გვჭირდება  შეთანხმებების სრულად განხორციელება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გაერთიანებული საექსპედიციო ძალების“ მონაწილე ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეეცდება ახალი მასობრივი სარაკეტო დარტყმის განხორციელებას, როგორც კი ის მზად იქნება. უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებს დახმარებას სთხოვს, რათა წინა დაპირებები შესრულდეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის ახლა, პირველ რიგში, მიმართავს შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპას.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელება, განსაკუთრებით ის, რაც მიღწეული იქნა ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში. გვახსოვს, რომ იმ ეტაპზე დაგვპირდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას, როგორც კომპენსაციას იმ ეტაპზე უკრაინის ალიანსში მიწვევის შეუძლებლობის გამო. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენმა პარტნიორებმა იციან: ჩვენ გვჭირდება დამატებით კიდევ 12-15 სისტემა, რათა სრულად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. ეს რეალურია. მთავარია ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველ არხი