უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ოპერაციამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ხელი შეუწყო სუმის რეგიონის ნაწილის და ქალაქ სუმის ოკუპაციის აღკვეთას. ამის შესახებ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან დადებითად ვუყურებ, თუ როგორ მიდის ოპერაცია (კურსკის რეგიონში - რედ.), ოპერაცია კომპლექსურია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართოს.
ამ ოპერაციას რამდენიმე შედეგი აქვს, ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში, გაცვლითი ფონდი. ეს არის ის, რისი თქმაც ღიად შეიძლება. შევსებულია, ეს დადებითია.
მეორე არის ჩრდილოეთში რუსული ოპერაციის შეჩერება, პრევენციული დარტყმა, ჩვენ შევასრულეთ ეს ამოცანა. ჩვენ აღვკვეთეთ სუმის რეგიონის ნაწილის ალყაში მოქცევა და რეგიონის დედაქალაქის, ქალაქ სუმის ოკუპაციის სურვილი." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ კურსკის რეგიონში ოპერაციის მიზნები იმაზე მეტია, ვიდრე მან საჯაროდ განაცხადა და რწმენა გამოთქვა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება.
პრეზიდენტმა ოპერეციის ერთ-ერთ მიზნად ასევე დაასახელა პუტინის რეალური სახის ჩვენება.
"აჩვენონ თავიანთ საზოგადოებას რა არის მათთვის უფრო ღირებული - უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია თუ თავიანთი მოსახლეობის დაცვა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი, რაც მე ვუთხარი ჩემს პარტნიორებს - ჩვენ ეს პრაქტიკაში ვაჩვენეთ. ის ჯერ კიდევ ფიქრობს როგორ შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და არ ფიქრობს როგორ დაიცვას თავისი ხალხი სათანადოდ. ის ახლა თავის სოფლებს ბომბავს. უბრალოდ ბრავო, მისი ხალხი იქ შოკირებულია, რომ სჯეროდათ ამ დემონის. ნახეთ ის სახე, რომელსაც ახლა უჩვენებს საზოგადოებას." - განაცხადა ზელენსკიმ.