ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ ერიდება მოქმედებას, გლობალურ ძალად ჩამოყალიბების ნაცვლად, ევროპა რჩება დანაწევრებულ კალეიდოსკოპად, ეყრდნობა რწმენას, რომ ნატო იმოქმედებს, მაგრამ ნატო ჯერ არავის უნახავს სრულმასშტაბიან მოქმედებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორებთან უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ მხოლოდ ომის შემდეგი ეტაპისთვის.
„ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება ერთობლივი პატრულები და პარტნიორების დროშები უკრაინის მიწაზე – და ეს სწორი და კარგი სიგნალია. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, რეალურად განათავსონ ძალები ადგილზე და ამის შესახებ უკვე არსებობს შეთანხმება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „მსურველთა კოალიცია“ რეალურად გადაიქცეს ქმედების კოალიციად, მაგრამ ისევ და ისევ საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. უსაფრთხოების არც ერთი გარანტია არ იმუშავებს აშშ-ის გარეშე. რაც შეეხება თვით ცეცხლის შეწყვეტას – ვინ დაეხმარება მის მიღწევას? ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ ერიდება მოქმედებას დღეს. სწორედ ეს მოქმედება განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება ზელენსკიმ. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს, შეაჩეროს ტანკერები და ნავთობის ნაკადი, ხოლო ევროპას არა? რუსული ნავთობი გადის ევროპის სანაპიროებთან. ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ასუსტებს თვით ევროპას. ეს ნავთობი უნდა შეჩერდეს, უნდა მოხდეს კონფისკაცია და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. პუტინს ფული თუ არ ექნება, ომიც არ იქნება. ევროპას თუ ექნება ფული, შეძლებს საკუთარი ხალხის დაცვას. ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს. დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს, მაგრამ რეალურად, ნატო ჯერ არავის უნახავს სრულმასშტაბიან მოქმედებაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი








