ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს - წერს El Nacional-ი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დიოსდადო კაბელომ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ „გაუადვილონ ცხოვრება შემოჭრილ მტერს“, მან დაგმო აშშ-ის მიერ დილით ადრე განხორციელებული თავდასხმა და უწოდა მას „კრიმინალური და ტერორისტული“. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ხმამაღლა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია.
„ეს არის თავდასხმა ვენესუელას ბოლივარულ რესპუბლიკაზე. ამიტომ, მე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს სიმშვიდისკენ. დიდი სიმშვიდისკენ. არავინ არ მიეცეს სასოწარკვეთას. არავინ არ გაუადვილოს ამოცანა შემოჭრილ მტერს“ - განაცხადა დიოსდადო კაბელომ კარაკასში გამოსვლისას.
„ეს არ არის პირველი ბრძოლა, რომელსაც ზოგიერთი ამ ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს იმ იმედით, რომ დაგვამარცხებენ. ჩვენ ვისწავლეთ გადარჩენა ნებისმიერ ვითარებაში. ეს არის ორგანიზებული ხალხი“, - დასძინა მან.
მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ხმამაღლა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია.
„ბომბები ცვივა იმ შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. იქნებიან თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები თანამონაწილეები?“- თქვა კაბელომ.
მისი თქმით, ქვეყანაში სრული სიმშვიდეა. „ისინი ელოდნენ, რომ ხალხი არეულობას მოაწყობდა. არა. ვენესუელამ იცის, რომ მას თავს დაესხნენ. ნუ წამოვეგებით მათ პროვოკაციებს და ნუ ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ გამარჯვებულები გამოვალთ“, - დაასკვნა მან.
შინაგან საქმეთა მინისტრამდე განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. მან დაგმო აშშ-ის „ბარბაროსობა“ და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები განლაგდნენ ერის დასაცავად.
ვენესუელის ხალხი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ყველაზე კრიმინალური აგრესიის სამიზნე გახდა. ამ დრომდე, დამპყრობელი ძალების ბარბაროსობამ შეურაცხყო ჩვენი წმინდა მიწა კარაკასის ტიუნას რაიონში, ასევე მირანდას, არაგუას და ლა გუაირას შტატებში. მტერმა ვერტმფრენებიდან გასროლილი რაკეტებითა და ჭურვებით მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ურბანულ ცენტრებს შეუტია. ჩვენ უკვე ვითვლით ამ მოვლენასთან დაკავშირებულ დაჭრილებსა და დაღუპულებს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან ევაკუირებული იქნა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.




